დიმიტრი ჩიქოვანი და დიმიტრი ჯაფარიძე ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება დაიწყო.
უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს და 11 მაისს დაგეგმილი მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს.
ოპოზიცია თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. შეფასება გაკეთდა მმართველ გუნდშიც.
როგორც "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, ორკესტრირებული თავდასხმები რუსული მმართველობის სტილია.
"თავზე აქვს ერთი ნახეთქი და ნაკერი ადევს, ტვინის შერყევა აქვს და სახეზე ეტყობა ნაჭდევები, სავარაუდოდ ხელკეტისგან ან ჯოხისგან. ერთ საღამოს, ასე ორკესტრირებულად რომ ხდება თავდასხმები რამდენიმე ადამიანზე, გასაგებია ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. მე არ მაქვს რამე მოლოდინი გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. მაქსიმუმ, შეიძლება საქმე აღძრან, მერე დროსი გაიწელება და როგორც იციან ხოლმე, იტყვიან დაელოდეთ გამოძიებასო. სინამდვილეში, ეს არის რუსული მმართველობის სტილი, როდესაც ისინი გებრძვიან ნახევრად კრიმინალური და პარალელურად, ვითომ ლეგალური გზებით", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.