ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ეუთოს, ევროპის საბჭოს და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აკვირდება, რომელშიც სპეციალური კოორდინატორის სტატუსით ნიკოლოზ სამხარაძე იმყოფება. "ქართული ოცნების" დეპუტატი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას რეკომენდაციით ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, იან ბორგმა დანიშნა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ძირითადი თემა, რომელიც მაკედონიაში არჩევნების პროცესისას გამოიკვეთა, ევროკავშირში გაწევრიანებაა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ისეთი მთავრობა ჩამოყალიბდეს, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტული იქნება.
"ძირითადი თემა, რაც გამოიკვეთა ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ მიმართულებით თითქმის ყველა პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად აყენებს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ დავკვირვებოდით არჩევნებს ასევე ეთნიკური უმცირესობების უბნებში, სადაც საინტერესოა, რომ ევროკავშირი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მათ შორის ალბანურ და სერბულ უბნებში.
შესაბამისად, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონია - NATO-ს წევრი ქვეყანაა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოყალიბდეს ისეთი მთავრობა, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტული იქნება და ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ამომრჩევლები, რომლებსაც დღეს "კურიერი" ესაუბრნენ, აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი ქვეყნის სათავეში პროევროპული ხელისუფლების მოყვანაა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გააწევრიანებს.
ჩრდილოეთ მაკედონიაში 3 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა და სულ მალე ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.
"ამ არჩევნების შემდეგ ველი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი დადგება, ასევე იმას რომ ღირსეულად იქნება დაცული ჩვენი უფლებები და სიტყვის თავისუფლება. უკეთესი მომავალი ევროკავშირშია, რადგან იქ უკეთესი ცხოვრებაა და რაღაცისთვის ბრძოლაა შესაძლებელი," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
"სამწუხაროდ არაფერს ველი, ყველაფრით იმედგაცრუებული ვარ, მათ შორის არასახარბიელო წარსულის გამო. აქ იმიტომ მოვედი, რომ ადვოკატი ვარ და მსურს ხმა დავაფიქსირო. თუმცა სამწუხაროდ არაფერს ველი. მე მსურს გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მაგრამ მოლოდინები მაღალი არ მაქვს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.