06 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები იხურება - მედიასფეროს წარმომადგენლები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები იხურება. ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება გავა. მედიასფეროს წარმომადგენლები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "რადიო თავისუფლების" გადაცემების დახურვა მათთვის არის გარკვეულწილად იმის ნიშანი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს საკუთარ ეთერში აღარ სურს ინტელექტუალური გადაცემები. მათთვის კითხვის ნიშნებს ბადებს ის, თუ რატომ იხურება საზოგადოებრივ მაუწყებელში ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული გადაცემები.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ მაუწყებელში, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეში, კარგად იყოს წარმოდგენილი, ის რა საინფორმაციო პროპაგანდას ეწევა ჩვენს წინააღმდეგ რუსეთი და როგორ შევეწინააღმდეგოთ ამას," - განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

განცხადება გააკეთა საინფორმაციო პორტალის ”ევროპა საქართველოსთვის” დამფუძნებელმა და მთავარი რედაქტორმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ. 

„რადიო თავისუფლება," რომელიც ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ, აღარ იქნება წარმოდგენილი ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში. ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის ევროატლანტიკური მიმართულებით. ეს იყო უნიკალური გადაცემები, რომელსაც ჰყავდა თავისი მაყურებელი,“ - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

გადაცემების დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა მასკომუნიკაციის დოქტორმა. ნინო დანელია ამბობს, რომ რადიო "თავისუფლების" გადაცემების დახურვა, არის სიგნალი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აღარ სურს პოლიტიკურად მიუკერძოებელი გადაცემების შენარჩუნება.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა როგორც ჩანს უარი თქვა საკუთარ ღირებულებებზე,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს "რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვა არასწორ გადაწყვეტილებებად მიაჩნიათ. ისინი შიშობენ, რომ ტელეკომპანია საგანმანათლებლო, ინფორმაციული გადაცემების ნაცვლად, აქცენტს ნაკლებად ხარისხიან, თუმცა რეიტინგულ გადაცემებზე გააკეთებს. ბორდის წევრები მენეჯმენტისგან უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ. 

პრეტენზიებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში უპასუხეს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე ამბობს, რომ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება არა მათ, არამედ წინა მენეჯმენტმა მიიღო.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს არის გადაწყევტილება, რომელიც მიიღო წინა მენეჯმენტმა, სამეურვეო საბჭოს ერთად, სანამ ჩვენ მოვიდოდით მანამ, რომ აბსოლუტურად ყველა გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გარდა მოამბისა, დაიხურება 17 ივლისს. გამარჯვებული 9 გადაცემა ერთად იქნება ახალი ბადის ნაწილი,“ - განაცხადა ია ანთაძემ.

 

 

 

დღის ამბები