04 მაისი 2024,   04:09
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში პარლამენტის ჩართულობის ფორმატზე ვერ თანხმდებიან

საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეში პარლამენტის ჩართულობის ფორმატზე ვერ თანხმდება. ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ერთად კონკრეტული მაღალჩინოსნების პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ჟურნალისტის საქმეზე კონსულტაციების გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ეს არ იქნება კონსპირაციული შეხვედრა, მაგრამ არც ღია და პირდაპირ ეთერში, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, ჯერ მივიღოთ საქმიანი შეხვედრის დროს ბევრი ისეთი ინფორმაცია, რაზეც შეიძლება პირდაპირ ეთერში საუბარი იყოს ცოტა უხერხული. იმიტომ, რომ აქ, მათ შორის, საქმე ეხება ორ ქვეყანას შორის ურთერითობასაც,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, ძალოვანი მინისტრებისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერცერთ შემთხვევაში ვერ აიცილებს. ფაქტია, რომ ხელისუფლების მონაწილეობით მოხდა ეს. ამიტომ, ჩვენი პოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ არის ის, რომ ვერ შედგება ვერავითარი გამოძიება თუ სასწრაფოდ  არ იქნა გათავისუფლებული სულ მცირე 3 ადამიანი, ორი ძალოვანი მინისტრი და ერთი, ბატონი ჯეჯელავა, რომელმაც ხელი შეუწყო დანაშაულის დაფარვას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, აცხადებს, რომ პირველივე დღეებში სურდათ პარლამენტში სამართალდამცავებთან შეხვედრა.

„ამ სიუჟეტის შემდეგ, კადრების გაყალბების ეჭვები და ა.შ. ბუნებრივია, ეს საკითხი კიდევ უფრო რთულდება და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ჩართულობა იქნება სწორი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები