03 მაისი 2024,   05:14
ვრცლად
პრეზიდენტი არც დღევანდელი, არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში არ უნდა საუბრობდეს - გიორგი ვოლსკი

უმრავლესობის წევრებს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეკითხვები აქვთ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრისთვის, არჩილ თალაკვაძისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ თანხმდება ქვეყნის პირველი პირი პარლამენტის თავმჯდომარესთან პირისპირ, პირდაპირ ეთერში კონსტიტუციის პროექტის განხილვას. მისი აზრით, გიორგი მარგველაშვილი კონსენსუსისთვის მზად თავად არ იყო.

„ამ პოლიტიკურ პროცესში აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცდილობდა გამოეყენებინა ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური პარტიებიც ცდილობენ, რომ გამოიყენონ პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი კი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამგვარად არ უნდა საუბრობდეს და არ უნდა იქცეოდეს.

„მე მგონია, რომ პრეზიდენტი ძალიან ცუდად უწევს ექსპლუატაციას ამ ხალხის ვითომდა პოზიციას, რომელსაც ის ვითომდა გამოხატავს. დასანანია, რომ ასეთი პოლიტიკური ბრძოლის გზას დაადგა პრეზიდენტი, რომელიც არც კონსტიტუციურად არც დღევანდელი, არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა საუბრობდეს და იქცეოდეს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა საკუთარი პულტები არ გამოეყენებინა, რადგან, მისი აზრით, კონსტიტუციის პროექტი ძალადობრივი გზით და შეუთანხმებლად არის მიღებული.

დღის ამბები