06 მაისი 2024,   23:56
ვრცლად
რეკორდულად გაუფასურებული ლარი - ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ 

ეროვნული ვალუტა კვლავ ახალ ანტირეკორდებს ხსნის. არჩევნებიდან 6 დღის შემდეგ, ლარი ევროსთან მიმართებაში, მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ერთი ევროს ღირებულება ეროვნული ბანკის კურსით 3.01 ლარია, თუმცა კერძო ბანკებში გაცვლითი კურსი კიდევ უფრო მაღალია. იზრდება დოლარის ღირებულებაც.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.55 ლარია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი 2.60 ლარი.

ექსპერტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. მათ შორის არის მოსახლეობის მოლოდინები, რადგან როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, წლის ამ მონაკვეთში ლარი ბოლო წლებია მუდმივად უფასურდება. 

„არჩევნების დასრულებასთან ერთად, ლარის გაუფასურება გარკვეულწილად დამთხვევაც არის, უბრალოდ არჩევნები იყო შემოდგომის მეორე ნახევარი და აქედან გამომდინარე. შეიძლება რაღაც კავშირიც იყოს, რომ უფრო მეტი იყო არჩევნების წინ აქტიურობა ეკონომიკური. უფრო გაზრდილია ლარის მასა, 20%-ით უფრო მეტი ლარია ქვეყანაში, ვიდრე შარშან ამ დროის იყო. ასევე სეზონური მომენტი, საზღვაო ფაქტობრივად დასრულდა, იზრდება იმპორტი ოქტომბერ-ნოემბრიდან. ესენი უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ასევე მოლოდინები ჩამოაყალიბა იმან, რომ მესამე თუ მეოთხე წელია იწყებს ლარი გაუფასურებას და მოსახლეობა შესაბამისად რეაგირებს,“ - აცხადებს ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” მთავარი ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად საგარეო ფაქტორსაც ასახელებს. ყიფიანი ამბობს, რომ დოლარი მსოფლიო ბაზარზე ყველა სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაშიც გამყარდა.

„ეს უკავშირდება ორ ფაქტორს, ერთი არის მოლოდინების ფაქტორი, რამაც გაზარდა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რამაც გამოიწვია ლარის იმაზე მეტად გაუფასურება, ვიდრე ლარის საბაზრო წონასწორობის წერტილია და მეორე, უკვე ეს უკავშირდება ასევე საგარეო ფაქტორებს, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეებში დოლარის ინდექსი მყარდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარი მყარდება მსოფლიოში ძირითად ვალუტებთან მიმართებაშიც,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

დღის ამბები