26 დეკემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ჩაშლილი ტენდერი და გაუფასურებული ლარი - ქუთაისი ახალ წელს განახლებული დეკორაციებით, სავარაუდოდ, ვერ შეხვდება

ახალ წლამდე ერთი თვით ადრე, ჯერ ისევ უცნობია, როგორი განათებებით შეხვდება 2018 წელს ქუთაისი. მიზეზი ლარის გაუფასურებით ჩაშლილი ტენდერია. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ უკვე ჩატარებული ტენდერით ძველ სათამაშოებს და აქსესუარებს განაახლებენ, რისთვისაც 50 ათასი ლარი გამოიყო. მოსახლეობა კი, ახალი თვითმმართველობისგან სიახლეს ელოდება.

თვითმმართველობამ კი ჯერაც არ იცის, შეძლებს თუ არა ახალი განათებისა თუ აქსესუარების შეძენა-დამონტაჟებას. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ქუთაისი ახალ წელს, სადღესასწაულო განათების გარეშე შეხვდეს.

ტენდერი, რომლითაც ახალი აქსესუარები უნდა შეეძინათ და დაემონტაჟებინათ, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 6 ნოემბერს გამოაცხადა. ამისთვის 171 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა დოლარის გაძვირების ფონზე, პროდუქციისა და სამუშაოების რეალური ღირებულება 238 ათასი ლარი აღმოჩნდა. შესაბამისად, მსურველი არ გამოჩნდა.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ თვითმმართველობა ვითარების გამოსწორებას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეეცადა, თუმცა მუნიციპალიტეტმა შესყიდვების სააგენტოსგან უარი მიიღო. 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ედიშერ მუშკუდიანი

დღის ამბები