27 დეკემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ყველა ჭრილობიდან სისხლდენა შეჩერებულია - ზაზა სოფრომაძე დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობაზე საუბრობს

51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლის გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი საათის წინ დასრულდა და მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

“დასრულდა მეორე შედარებით მცირე ოპერაცია, უკვე ყველა ჭრილობიდან სისხლდენა კუპირებულია. პაციენტი კვლავ გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა მძიმე რჩება, მაგრამ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია და გრძელდება ექიმების ზედამხედველობა 24 საათიანი რეჟიმში. ამ ეტაპზე მხოლოდ პოსტოპერაციული მდგომარეობის მართვა არის საჭირო, რასაც რეანიმაციის განყოფილებაში განახორციელებენ. მხოლოდ ცივი იარაღით არის ჭრილობები მიყენებული,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, რომელმაც  51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლე მოინახულა. მისი ინფორმაციით, სკოლიდან ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მოსწავლეები მე-11 კლასელები იყვნენ და სკოლა დღის პირველ ნახევარში დატოვეს.  

რაც შეეხება პასუხისმგებლობის ნაწილის, გიგაური აღნიშნავს, რომ სკოლის თანამშრომლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მომხდართან დაკავშირებით.  

მისივე თქმით, მომავალში მოსწავლეების უფრო გაძლიერებული მეთვალყურეობა იქნება.

“პრევენციის მიზნით, როგორც აქამდე მუდმივად მონიტორინგი წარმოებდა სკოლის მოსწავლეების ქცევაზე და რა ნივთებს ატარებდნენ ისინი სკოლაში, მომავალშიც გაგრძელდება და რა თქმა უნდა უფრო გაძლიერებული მეთვალყურეობა იქნება,“- განაცხადსა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის დაჭრილ მოსწავლეს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ერთი დაჭრილი მოსწავლე კი  გარდაიცვალა.

 

 

დღის ამბები