27 დეკემბერი 2024,   00:15
ვრცლად
მერიიდან გამოყოფილი ერთჯერადი კომპენსაცია სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებისთვის უკმაყოფილების მიზეზია

ბერი გაბრიელის გამზირზე სპეცოპერაციის შედეგად საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახების ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. დაზარალებულების ნაწილის სახლები პრაქტიკულად მთლიანად განადგურებულია, ერთჯერადი დახმარება კი პირველადი ნივთებისთვისაც არასაკმარისი აღმოჩნდა.

მერიის მიერ გამოყოფილი ერთჯერადი კომპენსაცია სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული ოჯახების უკმაყოფილების მიზეზია.

ფულადი დახმარების გარეშე დარჩნენ ის ოჯახები, რომლებიც სპეცოპერაციის გამო მერიამ კორპუსიდან დროებით გამოასახლა. ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ საცხოვრებელში შესვლას. მეცხრე კორპუსს სპეცრაზმი იცავს და ადგილზე ისევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერიამ დაზარალებულებს ასეთი მცირე თანხის გაცემით დასცინა.

მერიის ინიციატივის მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან 17 ათას 500 ლარი გამოიყო და თანხა სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახის 35 წევრზე გადანაწილდება.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა დაზარალებულებისათვის. 24-მა ოჯახმა არც ის იცის, რა დრომდე დარჩებიან დროებით საცხოვრებელში.

კორპუსის მდგომარეობას ისევ მერიის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები სწავლობენ. გაბრიელ სალოსის გამზირზე მეცხრე კორპუსს არც გაზი, არც დენი და არც სასმელი წყალი არ მიეწოდება.

დღის ამბები