ხორავას N4-ში, სადაც 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები 6 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ტერიტორია უკვე შემოწმებულია. ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს. მათ შემთხვევის ადგილიდან სხვადასხვა სახის ნივთმტკიცება ამოიღეს.
საცხოვრებელ ეზოს, სადაც სკოლის მოსწავლეები დაჭრეს, სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა.
51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩის N4-ში დაჭრეს, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კონფლიქტი მე-11 კლასის მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს შორის, სავარაუდოდ, 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო. „კურიერის“ ინფორმაციით, ისინი მანდატურებმა გააშველეს. მეექვსე გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი საქმის გარჩევა ხორავას ქუჩის N4-ში საცხოვრებელი სახლის ეზოში გაგრძელდა. თვითმხილველების თქმით, ჩხუბში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.