26 დეკემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ყოფილი პოლიციელის სკანდალური ინტერვიუ და ნაცემი შუამავალი - გიორგი კვანჭიანი, სავარაუდოდ, ჟურნალისტებთან თანამშრომლობის გამო სცემეს

24 წლის გიორგი კვანჭიანი სავარაუდოდ, ჟურნალისტებთან თანამშრომლობის გამო სცემეს. მას ფიზიკურად მისივე საცხოვრებელ სახლთან გაუსწორდნენ. ტვინის შერყევით და მრავლობითი დაჟეჟილობებით კვანჭიანი ჩოდრიშვილის ქუჩიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

კვანჭიანს ამ დრომდე დაუდგენელი პირები თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქცია დატოვა. ის რედაქციას ყოფილ პოლიციელთან დაკავშირებაში დაეხმარა. შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. პატრულის ყოფილმა თანამშრომელმა, ბერდია მჭედლიანმა გაზეთთან იმ უკანონო ბრძანებებსა და ქმედებებზე ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში ჰქონდა ადგილი.

მან „ქრონიკა პლუსის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ ხელმძღვანელობა 200 ლარიანი ჯარიმების უმიზეზოდ გამოწერას და ამ გზით ბიუჯეტის შევსებას აიძულებდა. ამასთან, მისივე თქმით, ხელმძღავენლობა სთხოვდა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისთვის და მათთან დაახლოებული პირებისთვის ჯარიმები არ გამოეწერა. ჯაბა ჯიშკარიანის გაჩერებისთვის კი, სასტიკი საყვედურიც მიიღო.

ყოფილმა პატრულმა დაკავებულების მიმართ ძალადობის ფაქტებზეც ისაუბრა. 

გაზეთის რედაქტორი, ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ გიორგი კვანჭიანს თავს სწორედ „ქრონიკა პლუსში“ სკანდალური მასალების მიტანის გამო დაესხნენ.

გამოძიება მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია. თუმცა, კლინიკაში მყოფი გიორგი კვანჭიანი ჯერ არ დაუკითხავთ. 

დღის ამბები