26 დეკემბერი 2024,   17:26
ვრცლად
შოთა შალელაშვილის ღია წერილს საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა

მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრის, შოთა შალელაშვილის ღია წერილს, სადაც ის პრემიერს იერუსალიმის ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდებდა, საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

მმართველი გუნდის ერთი ნაწილისთვის ინიციატივა თავიდან მისაღები იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღია წერილის ავტორი საჯაროდ გააკრიტიკა, ხოლო თავად შალელაშვილი სუს-ში დაიბარეს, უმრავლესობაში ამ საკითხზე საერთოდ გაჩუმება ამჯობინეს.

შოთა შალელაშვილს ინიციატივასთან დაკავშირებით ზვიად კვაჭანტირაძემ და სიმონ ნოზაძემ სოციალურ ქსელში მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა მოგვიანებით მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნას მიღებული.

„ეს არ გახლავთ ის საკითხი, რომელზეც ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და ნაჩქარევი განცხადებები უნდა იქნას გაკეთებული. საქართველო, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სიტუაციაში, უნდა გამოვიდეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ანალიზის საფუძველზე შემდგომ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში დღეს არა, უნდა გააკეთოს განცხადება, სადაც დაფიქსირდება თავისი პოზიცია, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს არ იქნება სახელმწიფო ინტერესის მატარებელი. ჩვენ გვყავს საგარეო უწყება. ისინი მსგავს საკითხებზე მუშაობენ, ისინი გააკეთებენ მოგვიანებით ამაზე განცხადებას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები