26 დეკემბერი 2024,   17:29
ვრცლად
იერუსალიმის თაობაზე დონალდ ტრამპის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას და პალესტინაში მიმდინარე ვითარებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანად მოხდეს. 

”ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც.
საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს,”- ნათქვამია განცხადებაში.  

შეგახსენებთ, რომ პალესტინის ქალაქები არეულობამ მოიცვა. მოსახლეობა დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებს. უკვე რამდენიმე საათია, დემონსტრანტებსა და ისრაელის არმიის ჯარისკაცებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, ღაზას სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქებში - რამალაში, ბეთლემში, ჰებრონსა და იერუსალიმშიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები