08 დეკემბერი 2024,   19:13
ვრცლად
დარჩეს ტერმინი ხმოსანი საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად - ნუკრი ქანთარია

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. წარდგენის შემდეგ კი, კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, ნუკრი ქანთარიას ინიციატივით, სიტყვა ხმოსანი, რომლებსაც პრეზიდენტის არჩევა დაევალებათ, 2024 წლიდან დარჩეს კონსტიტუციაში.

არსებული ვარიანტის მიხედვით, სიტყვა ხმოსანი იცვლება და მას საარჩვენო კოლეგია დაერქმევა.

„როგორც იტყვიან, კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი სტამბაში არ გაციებულა, პირობითად ვამბობ და ჩვენ აქ უკვე ცვლილებებს ვაწერთ. რა თქმა უნდა, ეს ვფიქრობთ, რომ მთლად კარგი არ არის, მაგრამ ძალიან კარგია ის, რომ ჩვენ სიტყვას ვასრულებთ... შეიძლება ვიღაცეებმა გააქილიკეს ხმოსანი, მგოსანი, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა ავყვეთ ამას, არის ძალიან კარგი ქართული ტერმინი, ხმოსანი - ხმის უფლების მქონე მოქალაქე,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქანთარიას პასუხად აღნიშნა, რომ ტერმინის განხილვას მეორე მოსმენის დროს შესაძლოა, მიუბრუნდნენ, რადგან ეს ამ ეტაპზე, პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანს, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრს, ირაკლი აბესაძეს მე-18 მუხლთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვა ირაკლი კობახიძესთან და სთხოვა განმარტება, როდის შეიძლება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვის საფუძვლები შეიცვალოს.

„განიხილავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ ეს ცვლილება მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების განმავლობაში განხორციელდეს და ამის სამართლებრივი გზა დარჩენილი არის თუ არა,“ - განაცხადა აბესაძემ.

რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ თუ არგუმენტებს მოისმენენ, არის თუ არა შესაცვლელი ფორმულირება, დაეთანხმებიან წარდგენილ ფორმულირებას.

ცვლილებები კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შედის, რომელიც ჯერჯერობით ამოქმედებული არ არის.

დღის ამბები