26 დეკემბერი 2024,   18:00
ვრცლად
დაპირისპირება ბიზნესწილების გამო - "უცნობი" ხეჩიკაშვილს და მის კომპანიებს კარტელურ გარიგებებში ადანაშაულებს

ორი სახელისუფლებო დაჯგუფების დაპირისპირება ბიზნესწილების გამო - მომღერალი „უცნობი“ სპორტის მინისტრის გავლენებსა და ინტერესებზე საუბრობს. გიორგი გაჩეჩილაძე ტარიელ ხეჩიკაშვილს და მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად გამარჯვებასა და ამ სქემაში ჩინოვნიკების მონაწილეობაში ადანაშაულებს.

"ბიუჯეტის ვირთხებს" პრემიერის ახლო მეგობარი იმ მინისტრებს უწოდებს, ვინც გიორგი გაჩეჩილაძის მტკიცებით, კარტელურ შეთანხმებაში მონაწილეობს. გაჩეჩილაძის განცხადებით, უკანონო გარიგებების შესახებ პრემიერმინისტრს ზაფხულში აცნობა, თუმცა, მან თანაშემწის საშუალებით შეუთვალა, რომ სასამართლოში წასულიყო.

გიორგი გაჩეჩილაძის ოჯახი ახლა დავას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში იწყებს. გიორგი გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ავტომობილების შესყიდვაზე, უმეტესად სპორტის მინისტრის  კომპანია იგებს და კონკურენტებს აკოტრებს.

კომპანია "სიტროენ ჯორჯიას", რომელსაც საქართველოში ფრანგული ავტომობილები შემოჰყავს, გიორგი გაჩეჩილაძის სიძეს ეკუთვნის. ადვოკატები ამბობენ, რომ კარტელური შეთანხმების მონაწილე კომპანიები ფასებს ურთიერთშეთანხმებით აწესებენ, მთავრობა კი ტენდერის გამოცხადების დროს პირობებს ამ კომპანიებს ხელოვნურად არგებს.

საქართველოს პრემიერმინისტრი მისი მეგობრის განცხადებაზე „რუსთავი 2“-თან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა, სხვა მედიასაშუალებამ კვირიკაშვილის წერილობითი განცხადება გაავრცელა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მათთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა და ასევე, სად ჩაწერა სხვა მედიასაშუალებამ კვირიკაშვილი.

პრემიერმინისტრი წერილობით განცხადებაში გიორგი გაჩეჩილაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და წუხს იმის გამო, რომ ეს ბრალდებები იმ ადამიანისგან ესმის, ვისაც წლებია, იცნობს.

გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს ტარიელ ხეჩიკაშვილიც იკავებს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საგანგებო განცხადების გავრცელებას „იბერია ბიზნეს ჯგუფიც“ გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები