21 დეკემბერი 2024,   20:46
ვრცლად
„ეს არის დაკვეთა“- აფგან მუხთარლი ბელაქანის რაიონულ სასამართლოში პროცესს ესწრება

თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის განხილვა ბელაქანის რაიონულ სასამართლოში პროკურატურის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. კონკრეტული მოწმეების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობას დაცვის მხარეც აყენებდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

სასამართლოში აფგან მუხთარლი განსაკუთრებული დაცვის თანხლებით მიიყვანეს. მან ერთი ფრაზით მაინც შეაფასა მის წინააღმდეგ წარმოებული პროცესი და თქვა, რომ ეს არის დაკვეთა.

პროცესს შეერთებული შტატების საელჩოს დამკვირვებლები, სამოქალაქო სექტორის, აზერბაიჯანული ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე მუხთარლის ოჯახის წევრები ესწრებიან. სასამართლო სხდომას პირველად ესწრება მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას მამა.

„ყველამ იცის, როგორ მოიტაცეს თბილისიდან აფგანი. საზღვარზე გადმოიყვანეს, მაგრამ არცერთი სათვალთვალო კამერის ჩანაწერი არ გვაჩვენეს. ეს არის საქართველოსთვის სირცხვილი, რადგან ხელისუფლებამ ხალხს სრულიად განსხვავებული ისტორია მოუყვა. აფგანი ჟურნალისტია, მას პასპორტი აქვს, საზღვარზე პასპორტის გარეშე როგორ მივიდოდა?“- აღნიშნა ილგარ მუსტაფაევმა.

ბელაქანის რაიონულ სასამართლოში პროცესს ესწრება პარტია „მუსავატის“ ლიდერი, არიფ ჰაჯალი.

„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის აფგანი. მისი უფლებების დაცვა ყველა მოქალაქის ვალია. სასამართლოს ხელისუფლება აკონტროლებს და რაც მისი პოლიტიკური დაკვეთა იქნება, სასამართლოც იმას გადაწყვეტს,“- განაცხადა არიფ ჰაჯალმა. 

ჟურნალისტს ბრალად ედება საზღვრის უკანონო კვეთა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადატანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მუხთარლის და მის ოჯახის წევრების მტკიცებით, ის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოიტაცეს და საზღვარზე გადაიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები