21 დეკემბერი 2024,   20:44
ვრცლად
იმპიჩმენტის მარში - უკრაინის ოპოზიცია მორიგი მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება

უკრაინის ოპოზიცია მორიგი მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება. იმპიჩმენტის მარში ტრადიციულად, ადგილობრივი დროით, 12 საათზე შევჩენკოს პარკიდან დაიწყება.

ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, ეს იქნება უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ შეტევის დაწყება, რადგან ქვეყანას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს დიქტატურისგან.

წუხელ სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის დამოუკიდებლობის მოედანზე სცენის მოწყობაში ხელის შეშლაც სცადეს.

ამ დროისთვის დამოუკიდებლობის მოედანზე დგას სცენა, სადაც ოპოზიცის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავენ.

„ვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას იმპიჩმენტის პროცედურის მეშვეობით, ან პირადი განცხადების საფუძველზე. ასევე ვითხოვთ გენერალური პროკურორის გადადგომას და ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონის მიღებას. ველოდებით ძალიან ბევრ ხალხს აქციაზე,“ - განაცხადა ახალ ძალთა მოძრაობის წევრმა, ივან სლობოდიანუკიმ.

განცხადება გააკეთა ახალ ძალთა მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, ევგენი ლუკიანცევიმ.

„ხელს გვიშლიან სცენის დამონტაჟებაში იქ, სადაც გვინდა. როგორც ყოველთვის, არღვევენ კანონს. არაფერი შეცვლილა, თანამედროვე იანუკოვიჩი გვაყავს ხელისუფლებაში,“ - აცხადებს ევგენი ლუკიანცევი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, დიალოგი  მხოლოდ  ხელისუფლების შეცვლაზე შეიძლება შედგეს.

“ყველანაირი მცდელობა, რომ დაგვაშინონ, ხალხს ტვინი აურიონ, დაარწმუნონ, რომ ამას აზრი არა აქვს, ჩაიფუშება. მე ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობა გაფართოვდება. მერე რა, რომ ახალი წელია წინ, ჩვენ დრო გვაქვს, დრო ჩვენზე მუშაობს, მათ დრო არ აქვთ და ერთადერთი, რაზეც ისინი ჩვენ შეიძლება, მოგველაპარაკონ, არის წყნარად ხელისუფლების გადასვლა და გადაბარება. დიალოგი უნდა იყოს სიტუაციის  და ხელისუფლების შეცვლაზე, დიალოგი სხვა რა თემაზე შეიძლება იყოს? სროლას ხომ არ დავიწყებთ? ასეთი რაღაცეები წყდება მშვიდობიანად, მაგრამ ის, რომ კომპრომისები არ იქნება ამ თემაზე, ამაში საერთოდ ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. ჩვენ ვიქნებით ძალიან მტკიცეები, ჩვენ წავალთ ბოლომდე, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. მე უკან დასახევი გზა არ მაქვს, ჩემი თავი იმ წუთიდან, როცა გადმოვლახე პოლონეთი-უკრაინის საზღვარი, გადავდე,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გარდა ამისა, გასულ ღამეს სამართალდამცველებთან დაძაბულობა იყო, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლებს გარკვეულ დროის განმავლობაში სცენის დამონტაჟების საშუალება არ მიეცათ.

 

 

 

დღის ამბები