07 დეკემბერი 2024,   07:33
ვრცლად
სირიაში მოკლული გიორგი მარგოშვილის ცხედარს სავარაუდოდ პანკისში არ გადმოასვენებენ

სირიაში მოკლული გიორგი მარგოშვილის ცხედარს სავარაუდოდ პანკისში არ გადმოასვენებენ.

მარგოშვილს სირიაში სალაჰუდინ ალ შიშანის სახელით იცნობდნენ. იგი სათავეში ედგა ალ ქაიდას მოკავშირე ორგანიზაციას, „ჯაიშ ალ-მუჰაჯირინს“ და იბრძოდა როგორც ასადის მთავრობის, ასევე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ.

პანკისში მისი დაღუპვის შესახებ გვიან ღამით გაიგეს. არსებული ინფორმაციით ის ავიაიერიშის დროს დაიღუპა.

დუისის მკვიდრმა 39 წლის გიორგი მარგოშვილმა  საქართველო 2013 წელს დატოვა. მას შემდეგ ოჯახსაც იშვიათად ეკონტაქტებოდა. მისი არჩევანის გამო მამა-შვილს უთანხმოება ჰქონდათ. ბოლოს შარშან გაზაფხულზე ისაუბრეს ტელეფონით.

ოჯახმა შვილის გარდაცვალების შესახებ რძლისგან გიორგი მარგოშვილის მეუღლისგან შეიტყო, რომელიც ასევე სირიაში იმყოფება სამ შვილთან ერთად. მამისთვის უცნობია როგორც გადავიდა იგი სირიაში და რა ურთიერთობა ჰქონდა თარხან ბათირაშვილთან, იგივე აბუ უმარ ალ შიშანთან, რომელიც ასევე პანკისელი იყო და დაახლოებით ერთი წლის წინ მოკლეს. მამის ინფორმაციით მათი გზები სირიაში გაიყო.

გიორგი მარგოშვილი ერთ-ერთია ვინც 2012 წელს ლაფანყურის ოპერაციაში მონაწილეობდა და იმ 17-კაციანი დაჯგუფების წევრი იყო, რომელიც საქართველოს გავლით ცდილობდა დაღესტანში გადასვლას. გიორგი მარგოშვილს მათთვის მეგზურობა უნდა გაეწია და საზღვრამდე მიეყვანა, თუმცა სპეცოპერაციის შედეგად დაჯგუფების 7 შეიარაღებული წევრი დაიღუპა. ნაწილი გადარჩა, მათ შორის იყვნენ მარგოშვილი და ახმედ ჩატაევი, რომელიც თბილისში გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ავტორები:  ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი

დღის ამბები