08 დეკემბერი 2024,   19:05
ვრცლად
ე.წ. ჩაწყობილი თამაშები - დაკავებული მსაჯები, დავით და ირაკლი ბერიშვილები დანაშაულს აღიარებენ

კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ირაკლი და დავით ბერიშვილები ე.წ. ჩაწობილ თამაშებთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებას აღიარებენ.

ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თანხის აღებას აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. ასევე, ადვოკატმა დაამატა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები მარტო არ მოქმედებდნენ, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„მათი პოზიცია არის სიმართლის თქმა, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ამბობენ სიმართლეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ გარკვეული თანხა აიღეს, გარკვეული დანაშაული მათ მიერ წინასწარი მონაცემებით ასეთია, აღიარებენ დანაშაულს. ისინი დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, არ მოქმედებენ და ამის შესახებ გამოძიებაში დადგინდება. მე ახლა ვერ გეტყვით დეტალურად, ვინ მონაწილეობდა კიდევ ამ სქემაში,“ - განაცხადა ადვოკატმა. 

ვაჟა კვარაცხელიას ადვოკატი, თამარ აბესაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროვოკაციის მსხვერპლია. თამარ აბესაძე თავს იკავებს დააზუსტოს, რა იგულისხმა პროვოკაციაში.

„აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და ძალიან წუხს ყოველივესთან დაკავშირებით და გამოხატავს გულისტკივილს ამასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ჯანსაღ სპორტს და ახლა ხდება ისე, რომ მასთან დაკავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები და ეს არის მისთვის შოკისმომგვრელი,“ - განაცხადა თამარ აბესაძემ.

კიდევ ერთი დაკავებული, თემურ დათიკაშვილი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ჯერჯერობით, დაკავებულებისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

სუს-მა ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა. გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას  4-დან 6 წლამდე ვადით.

ამავე თემაზე
დღის ამბები