22 დეკემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ჩაწყობილი თამაშები - სუს-მა 5 კალათბურთელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპორტსმენები დააკავა. „კურიერის“ ინფორმაციით, 5 კალათბურთელის დაკავება ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება. ასევე „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა, საკალათბურთო კლუბის „სოხუმი“ მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია.

სუს-ის განცხადებით, დაკავებულ პირთა შორის არიან ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი.

"გამოძიებამ დაადგინა,რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების - ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

"2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს" -აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.

საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” პრეზიდენტი თამაშების ჩაწყობას გამორიცხავს.  

„მეცინება, რატომ იცით, რომ ამ სეზონზე ერთადერთი თამაში მოვიგეთ, ისიც სეზონის დასაწყისში, ყველა წაგებული გვაქვს და არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ეს. კავშირში არ არის „სოხუმთან“. მე დარწმუნებული ვარ, უბრალოდ არ ვიცი რა ხდება „სოხუმთან“ დაკავშირებით,“ - განაცხადა საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” პრეზიდენტმა, ალექსანდრე დოლიძემ.

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ ვაჟა კვარაცხელია ბაკურიანში იმყოფება და ბავშვები წვრთნებისთვის წაიყვანა.

დღის ამბები