26 დეკემბერი 2024,   18:47
ვრცლად
უკრაინელი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ქართველი დიპლომატის მეუღლეა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული მოქალაქე დიპლომატის მეუღლეა.

„გიდასტურებთ, რომ ადგილი ჰქონდა დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე ამ კანონდარღვევას. იგი არ გახლავთ უწყების თანამშრომელი და არის ქართველი დიპლომატის მეუღლე. არსებული ინფორმაციით, ჩვენს მოქალაქეს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი და გაიმართება სასამართლო, რომლის შემდეგაც დადგინდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა. უშუალოდ თანამშრომელს რაც შეეხება, ვისი მეუღლეც გახლდათ დაკავებული, გახლავთ ქართველი დიპლომატი და მის მიმართ უკვე შესაბამისი ზომები უწყებამ მიიღო და მოხდება მისი გამოწვევა საელჩოდან,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარი ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე დააკავეს უკრაინელმა მესაზღვრეებმა.

მედიის ინფორმაციით, ის უჟგოროდის გამშვებ პუნქტზე კონტრაბანდული ტვირთის გადატანისთვის აიყვანეს. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მერსედესის მარკის ავტომობილით ცდილობდა, რომელიც ჩეხეთშია რეგისტრირებული.

მედიის ინფორმაციით, მძღოლი მანქანის დათვალიერების საშუალებას მესაზღვრეებს არ აძლევდა, რის გამოც ადგილზე უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებისა და ადვოკატის გამოძახება გახდა საჭირო.

კონსულთან მოლაპარაკებების შემდეგ მძღოლმა მესაზღვრეებს ავტომობილის დათვალიერების საშუალება მისცა, რომელშიც 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოჩნდა.

დღის ამბები