26 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"უნდა თუ არა ვიღაცას გრეჩიხების ფრაქციაში ყოფნა...სამი დღეა ეძებენ ადამიანებს" - ოპოზიცია

"ქართული ოცნების" ორი ახალი ფრაქციის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პარლამენტს დაემატა მორიგი ბიუჯეტის მჭამელი ორგანიზაცია. რომან გოცირიძის თქმით, მმართველი გუნდი სამი დღე ცდილობდა როგორმე გადაეყვანა ახალ ფრაქციებში დეპუტატები, რომლებსაც არ სურდათ გრეჩიხების ფრაქციაში ყოფნა.

„სამი დღე ეძებენ ადამიანებს, როგორმე შეავსონ, როგორმე შეაკოწიწონ ფრაქცია. თანაც ძალიან ბევრი დაბნეულია. არის თუ არა გეგიძის ფრაქცია გრეჩიხების ფრაქცია. უნდა თუ არა ვიღაცას ახლა გრეჩიხების ფრაქციაში ყოფნა და კვირიკაშვილთან დაპირისპირება, როდესაც ტენდერები აქვს მოსაგები და ის პრივილეგიები, რაც უმრავლესობას ახასიათებს, აბნევს სახელისუფლებო ვერტიკალს და ვერ წარმოუდგენიათ ვისთან აქვთ საქმე და აი ამ დაბნეულობაში საწყალ დეპუტატებს ხან ერთ პარტიაში გადაიყვანენ, ხან მეორეში დააკოწიწებენ იქით-აქეთ და როგორც იქნა რაღაც შეიქმნა, მორიგი ბიუჯეტის მჭამელი ორგანიზაცია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველო“ კი, მმართველ გუნდში გადაჯგუფებების შედეგებს ელოდება. გიგი წერეთელი ამბობს, რომ ამის შედეგებს საზოგადოება მომავალ წელს იხილავს.

„აქ ალბათ ფაქტორები არის გასათვალისწინებელი, ეს ერთი ფინანსური უზრუნველყოფა და ასევე ცხადდებოდა და რა თქმა უნდა, შიგნითაც არის ალბათ დაჯგუფებები. რა არის და როგორ განვითარდება მოვლენები ამ გადაჯგუფების შემდეგ, მომავალ წელს ვნახავთ,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.  

ახალ ორ ფრაქციაში, რომელიც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრიდა 19 დეპუტატი შევა. აქედან 11 ერთ ფრაქციაში, დანარჩენი კი მეორე ფრაქციაში გადანაწილდება.

ახლად შექმნილი ფრაქციების დამატებით „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სულ 8 ფრაქცია ეყოლება.

დღის ამბები