07 დეკემბერი 2024,   07:15
ვრცლად
ლარი ისევ გაუფასურდა - ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არათანაბარ ხარჯვაზე საუბრობს

ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით 1 დოლარის ღირებულება თითქმის 2.59 თეთრია. ეროვნული ვალუტა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ამერიკულ დოლართან მიმართებაში თითქმის 6 თეთრით არის გაუფასურებული.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებს მთავრობის ქმედებებს უკავშირებს. იგი ბოლო დღეების განმავლობაში, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არათანაბარ ხარჯვაზე საუბრობს.

„მარტო დარჩენილ სამ დღეში, ბიუჯეტიდან დასახარჯი არის ნახევარი მილიარდი ლარი. 400 მილიონამდე დაიხარჯა მხოლოდ წინა სამ დღეში. ანუ, 6 დღის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს იმდენი, რამდენიც იხარჯებოდა საშუალოდ, ერთი თვის განმავლობაში ამ წლის მანძილზე. ასე რომ,  ლარის ბედი, პირდაპირ არის მთავრობის ხელში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლარის კურსის ცვალებადობის შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის კურსთან დაკავშირებით თუ დევალვაციას ჩვენ ვნახავთ, მე ვფიქრობ, შეიძლება იყოს გარკვეული იურიდიული პირებისგან დამატებითი შესყიდვები, რომელიც ეკონომიკისგან გენერირებული არ არის. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ თვალსაზრისით, არანაირი საპანიკო და საპრობლემოს ვერ ვხედავ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც გარკვეული, დროებითი ხასიათის არის და ვფიქრობ, თავის ჩვეული რიგის მიხედვით წავა ეს პროცესი,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები