26 დეკემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ლარი ისევ გაუფასურდა-სპეციალისტები პროდუქტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ

ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. რამდენიმეკვირიანი გამყარების შემდეგ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო 2 დღის განმავლობაში 6 თეთრით დაეცა.

ლარის ღირებულება კიდევ უფრო დაბალია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, სადაც 1 დოლარის ღირებულება 2 ლარს და 65 თეთრს აღწევს.

რამდენიმეკვირიანი გამყარების შემდეგ, ლარის ასე სწრაფად გაუფასურებას ოპოზიცია ბიუჯეტის თანხის არათანაბარ ხარჯვას უკავშირებს, რომლის ათვისებაც წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. მხოლოდ გუშინ, 1 დღეში ბიუჯეტიდან 190 მილიონამდე დახარჯეს. 11 მილიარდ 720 მილიონი, ეს არის მთლიანი ხარჯი, რომლის გაწევის შემთხვევაში ბიუჯეტი შესრულებულად ჩაითვლება. აქედან 300 მილიონზე მეტი ხარჯებს რამდენიმე კვირის წინ საკანონმდებლო ცვლილებით დაემატა და შესაბამისად, წლის ბოლოს დასახარჯი ფულის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

სპეციალისტების განმარტებით, წლის ბოლოს ყოველდღიურად დაგეგმილზე მეტი თანხის დახარჯვა დაუშვებელია, რადგან ლარის გაუფასურების პროცესს ეს შეუქცევადს ხდის და საბოლოო ჯამში, უარყოფითად სწორედ მოსახლეობის ჯიბეზე აისახება. სპეციალისტები, წინასაახალწლოდ ისედაც გაძვირებულ პროდუქტზე, ფასების ზრდას პროგნოზირებენ.

დღის ამბები