26 დეკემბერი 2024,   17:27
ვრცლად
სასამართლო პანკისში დაკავებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ამ წუთებში სასამართლო პანკისში დაკავებული 3 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. საუბარია რუსლან ალდამოვზე, ბადურ ჩოფანაშვილსა და რამაზ მარგოშვილზე. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაცვის მხარე კი მოსამართლეს ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

ერთ-ერთი ბრალდებულის  ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატის განცხადებით არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმის თაობაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახმედ ჩატაევს იცნობდა.

„პირველი პოზიციის გათვალისწინებით, რომ ჩოფანაშვილი ბრალს არ აღიარებს და საერთოდ უარყოფს უნდა მოვითხოვოთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება. ვერანაირი მტკიცებულება მე პირადად საქმეში ვერ აღმოვაჩინე მაგისი, რომ ეს იყო რაიმე ხელშემწყობი. საერთოდ, რომ იცნობდა ჩატაევს არც ეს არ არის დადასტურებული. არც ერთ მტკიცებულებაში არ ჩანს, რომ დადასტურებულია. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით გორნაკაშვილის ცალკე საქმედ გამოყოფას, ჩემთვისაც ამ დილით გახდა ცნობილი და მინდა ასევე გითხრათ, რომ დანარჩენები გარდა გორნაკაშვილისა ბრალდებულის სახით არც ერთი არ დაუკითხავთ. მხოლოდ და მხოლოდ დაკითხულია გორნაკაშვილი,“-განაცხადა ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ.

ბრალს არ აღიარებს ასევე რუსლან ალდამოვი. ადვოკატის თქმით ის ვერც კი ხვდება ზუსტად რას ედავება გამოძიება.

„როდესაც მე მას შევხვდი გუშინ ჯერ კიდევ არ იყო ბრალი წაყენებული. არ მქონდა ნანახი საქმის მასალები. არც უშუალოდ რაში მდგომარეობდა მისი დანაშაული და გაურკვეველი იყო. როდესაც მე მას ვკითხე, რომ გეტყობა, რომ არ ხარ ძალიან ნერვიულად, არ ხარ ემოციურად, როდესაც მე მას გავეცანი მიპასუხა, რომ ვერ ხვდება, არც აქვს ამ წუთას სასჯელის შიში იმიტომ, რომ ვერ ხვდება რა ჩაიდინა,“- განაცხადა რუსლან ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

დღეს სასამართლომ კიდევ ერთი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. ზურაბ გორნაკაშვილის პროცესი ცალკე გაიმართა და მას პატიმრობა შეეფარდა.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ბრალი არ წარდგენია.

ამავე თემაზე
დღის ამბები