21 დეკემბერი 2024,   20:38
ვრცლად
გოგიტა დალაქიშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინში - ახლობლები მის დაკავებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ

„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი, გოგიტა დალაქიშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. შსს-ს მტკიცებით, დალაქიშვილმა ერთ-ერთ მოქალაქეს მისთვის საინტერესო პირადი საუბარი უკანონოდ ჩაუწერა და ამაში 3000 ლარი გამოართვა.

უწყების მიერ გავრცელებული ოპერატიული მასალით ირკვევა, რომ დალაქიშვილი კერძო საუბრების ჩაწერის დროს მარტო არ მოქმედებდა, თუმცა, ამ პირის ვინაობა უცნობია. უწყება გავრცელებულ განცხადებაში არც იმ მოქალაქის ვინაობას ამხელს, რომელმაც დაკავებულს ჩანაწერის გაკეთება სთხოვა.

„კურიერის“ ინფორმაციით, სახლიდან ჩხრეკის შედეგად დალაქიშვილის კომპიუტერი და რამდენიმე ჩანაწერიც ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, აუდიო მასალაში მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ, რასაც დაკავებულის ადვოკატი, ირმა ჭკადუა არ ადასტურებს.

გოგიტა დალაქიშვილის მეგობრები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტიის ყოფილი აქტივისტის დაკავება მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებს უკავშირდებოდეს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გოგიტა დალაქიშვილი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. დალაქიშვილი „კურიერისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ექსპრემიერის ნათესავები მას ღარიბაშვილის პრემიერობის დროს კონკრეტული მინისტრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვაში ფულს უხდიდნენ.

ბრალის დადგენილებას სავარაუდოდ, მას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ხვალ გააცნობენ. გამოძიება კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები