25 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი სტადიონზე-ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურას დირექტორს სცემა

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საფეხბურთო კლუბს საჩხერის ჩიხურას დირექტორს ბერიკა შუკაკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ჩიხურას“ შორის გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩზე მოხდა. ჩიხურას დირექტორისა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში, არბიტრების საკითხის განხილვის შემდეგ გადაიზარდა. ჩიხურა ქუთაისის ტორპედოსთან 2:1 დამარცხდა. ამ შედეგის შემდეგ შუკაკიძემ მსაჯობით უკმაყოფილება ფედერაციის პრეზიდენტთან გამოთქვა, რასაც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის რეაქცია მოყვა.

ინციდენტით უკვე დაინტერესდნენ სამართალდამცველები. მომხდართან დაკავშირებით ჩვენება უკვე მისცა შუკაკიძემ. საბურთალოს პოლიციაში საჩხერის ჩიხურას დირექტორი ერთი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

"კურიერის" ინფორმაციით დღეს დაკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა უცხოეთში მივლინების გამო ჩვენება ვერ მისცა სამართალდამცველებს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე -პრეზიდენტმა. კახა ჭუმბურიძე სლოვაკეთში უეფას 42-ე კონგრესზე იმყოფება. ის სტადიონზე მომხდარ ჩხუბს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„მე, როგორც საჯარო პირს მაქვს თმენის ვალდებულება რომელიც ალბათ, უპირველესი უნდა იყოს ყოველთვის და ყველა ვითარებაში, მაგრამ მეორეს მხრივ, დამეთანხმებით, ძნელია თავი შეიკავო, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ შენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ბილწსიტყვაობენ. დაუშვებელია, ნებისმიერი უპატივცემულობა მსაჯებისა და სხვა ოფიციალური პირებისადმი, რაც ხშირად ზღვარგადასულ ქმედებაში გამოიხატება”-წერს ჭუმბურიძე.

დღის ამბები