16 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
NGO-ები პოლიტიკაში - მმართველი პარტიისთვის, არასამთავრობო სექტორის ნაწილსა და ოპოზიციური პარტიების საქმიანობას შორის ზღვარი წაშლილია

მმართველი პარტიისთვის, არასამთავრობო სექტორის ნაწილსა და ოპოზიციური პარტიების საქმიანობას შორის ზღვარი წაშლილია - სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პროცესში ნებისმიერი ფაქტის გასაჯაროება, რომელიც ამ კავშირს ადასტურებს, არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის აუცილებელია.

არაობიექტურობაში "ქართული ოცნება" ყველა იმ ორგანიზაციას ამხელს, რომელთა დამფუძნებლები და წარმომადგენლები არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ, პარალელურად კი ოპოზიციური პარტიების წევრები არიან.

"ქართული ოცნების" მტკიცებით, ასეთ ორგანიზაციებს შორის არის "რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი" რომლის დამფუძნებლები არიან პარტია "ახალის" გენერალური მდივანი თენგიზ თევზაძე და ცესკო-ში "ლელოს" წევრი, გიორგი სიორიძე. მმართველი პარტია აქცენტს მხოლოდ ამ კავშირებზე არ აკეთებს. ამბობენ იმასაც, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი სამოქალაქოსთან ერთად პარტიულ საქმიანობასაც ეწევა. მაგალითად "აირჩიე ევროპა", რომლის გამგეობის წევრებიც პარტია "ახალის" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში მოხვდნენ. ივა ჭყონია კოალიცია ცვლილებებისთვის საარჩევნო სიის მერვე, ხოლო ლელა ჯეჯელავა" ნაციონალური მოძრაობის" მეცხრამეტე ნომერია. დასახელებული პირების ნაწილს დღეს იმის მტკიცება უწევდა, რომ პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე მათ სამოქალაქო ორგანიზაციები დატოვეს, პარტიულ საქმიანობას კი კანონის სრული დაცვით ახორციელებენ.

ოპოზიციურ პარტიები პრობლემას ვერ ხედავენ, რატომ არ უნდა იყვნენ მათ საარჩევნო სიებში მესამე სექტორის წარმომადგენლები. ამბობენ, რომ ამას კანონი არეგულირებს და არაფერი ირღვევა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა არასამთავრობო სექტორის პოლიტიკური მიკერძოებაა, რაც ენჯეო სექტორის წარმომადგენლების პარტიულ სიებში ყოფნითაც დასტურდება.

მმართველი პარტია ახლა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და დონორი ორგანიზაციების რეაქციის მოლოდინშია, თუ რა პოზიცია ექნებათ "ქართული ოცნების" მიერ გამოვლენილ ფაქტებზე.

 

დღის ამბები