16 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
"არავინ არ უნდა ელოდოს, რომ რუსეთი ტაშ-ფანდურით გადმოგცემს იმას, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 2008 წელს, მუშაობაა საჭირო" - გიორგი ვოლსკი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ შერიგების პროცესის პარალელურად, მნიშვნელოვანია, გარკვეული ძვრები მოხდეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ეს თემა უნდა გახდეს მსჯელობის საგანი და დაიწყოს კონკრეტული სამოქმედო გეგმის მომზადება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების პასუხად, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტს აკეთებენ სახელისუფლებო გუნდის სამშვიდობო პოლიტიკაზე და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი, შერიგების გზით უნდა აღდგეს.

"ჩააბარეს ["ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ] რუსეთს ტერიტორიების 20%, ყველაფერი გააკეთეს, რათა გაძლიერებულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში. აღარ ჩამოვთვლი იმ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით გააკეთეს და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე, ლავროვის განცხადებაზე უნდა გავაკეთოთ ორიენტირი. ლავროვი, რასაკვირველია, ეგრე იტყვის, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ჩვენ რუსეთი ხელს არ შეგვიშლის, რათა პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს, ეს არ არის ცუდი მესიჯი. მთავარია, როგორ გამოიყენებ, არავინ არ უნდა ელოდოს, რომ რუსეთი აიღებს და ტაშ-ფანდურით გადმოგცემს იმას, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 2008 წელს, მუშაობაა საჭირო. ევროკავშირი თავის დროზე ჩაერთვება თავისი უშველებელი პროგრამებით. საერთოდ, გამოცდილება ურთიერთობისა გვაქვს, ვიდრე ჩაშლიდა სააკაშვილის მავნებელი ხელისუფლება, თუმცა ფორმატები არსებობდა. ახლა უნდა ვიწვალოთ და დავუბრუნდეთ ფორმატებს, რომლის გამოცდილებაც გაგვაჩნია," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, "მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც".

 
 
დღის ამბები