რა თანხას ხარჯავს ხელისუფლება საკუთარ პიარში - „ქართული ოცნება“ ათობით მილიონს PR-ში იხდის.
კონკრეტული მონაცემები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დათვალა. 2013-2017 წლებში 100-ზე მეტი სახელმწიფო უწყების PR-სთვის, მხოლოდ ხელფასებზე, ჯამში, 50 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი, 2016 საპარლამენტო არჩევნების წელი გამოდგა, როცა სახელმწიფო უწყებებში, PR სამსახურებს ხელფასი 94 პროცენტით გაეზარდათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე აღნიშნავს, რომ 2013-2017 წლებში დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ მონაცემები არ მიაწოდათ.
„თანამშრომელთა რაოდენობაც მატულობს 2012 წელთან შედარებით, ხელფასების ანაზღაურებაც მატულობს 2012 წელთან შედარებით და პიკი იყო, როგორც ანაზღაურებით, ასევე, თანამშრომელთა რაოდენობის კუთხით მთელი ქვეყნის მასშტაბით 2016 წელი. ჩვენი ვარაუდით, ეს დაკავშირებულია საპარლამენტო არჩევნებთან,“ - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლის, სალომე ცეცხლაძის თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებულია შსს-ში, თავდაცვის და ჯანდაცვის სამინისტროებში.