სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი საერთაშორისო გაერთიანებას ბრალდებებს უყენებს. ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი, მურატ ჯიოევი დასავლეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს.
ჯიოევის თქმით, 2008 წლის მოვლენების შემდეგ სამხრეთ ოსეთის 7 მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა ამ საკითხს საერთაშორისო გაერთიანების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა.
"საქართველოს ხელისუფლებამ და სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გამოიწვიონ საერთაშორისო აჟიოტაჟი. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც სამხრეთ ოსეთის ერის ტრაგედია მთელმა მსოფლიომ გაიგო და ელჩ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ აღიარა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ასეთი ფართო საერთაშორისო ცნობადობა არ ყოფილა. საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო ყურადღება არ მიუქცევიათ ჩვენი არაერთი მიმართვისთვისაც, რომ ჩვენი ერის წინააღმდეგ საქართველოს აგრესია დაეგმოთ. არჩილ ტატუნაშვილთან ჩვენს შესაბამის უწყებებს შეკითხვები ჰქონდათ, დაინტერესებული იყვნენ, რომ ინფორმაცია მიეღოთ, თუმცა სამწუხაროდ, მისმა გარდაცვალებამ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა წაგვართვა,“- განაცხადა მურატ ჯიოევმა.