ლეჩხუმში მდინარე რიონის ხეობას დატბორვას უპირებენ - 12 სოფელს წყალი სრულად ან ნაწილობრივ, დაახლოებით, ოთხ წელში დაფარავს. ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემთხვევაში განადგურება ემუქრება უნიკალურ ბუნებას, ხვამლის მთას და საკარმიდამო ნაკვეთებს.
ხალხი ამტკიცებს, რომ მშენებლები საგვარეულო სასაფლაოების დატბორვასაც გეგმავენ. ლეჩხუმელები წინაპრების სახლ-კარის დანგრევას ან მიტოვებას არანაირი ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ არ აპირებენ.
ჰესების 110- და 60-მეტრიანი სიმაღლეში კაშხალის მშენებლობა კომპანიამ ისე დაგეგმა, რომ მოსახლეობამ არაფერი იცოდა. ჰესების მშენებლობის ნებართვა, მოსახლეობასთან შეუთანხმებლად 2016 წელს გაიცა, მაშინ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას, კახა კალაძე იკავებდა.
სპეციალისტების ეჭვი აქვთ, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებელმა კომპანიამ, რისკები ბოლომდე არ გათვალა.
ინვესტორს დღესაც უჭირს კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემა. ნორვეგიულ „ქლინ ენერგო ჯგუფს“ ჩამოყალიბებული არ აქვს გეგმა, რა შეთავაზება ექნება ხალხთან.
საინჟინრო სამუშაოებს შვეიცარიული კომპანია „შტუკი“ აწარმოებს. ტექნიკური დირექტორი, გია მაჭარაძე ამბობს, რომ სპეციალისტები ახლა სწავლობენ მონაცემებს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს დიდი სიმძლავრის ჰესებმა რიონის ხეობაზე.
მოსახლეობა შიშობს, რომ ორი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, მეწყრულ პროცესებს გააქტიურებს.