რაში ხარჯავს ფულს ხელისუფლება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოიკვლია, რომ მხოლოდ PR-ის სპეციალისტების ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში ხელისუფლებამ 50 მილიონ ლარამდე დახარჯა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ 133 სახელმწიფო უწყებიდან გამოითხოვა მონაცემები, თუმცა, 12-მა უწყებამ დოკუმენტები არ მიაწოდა.
2012 წელს სახელმწიფო უწყებებმა, ჯამში, PR-ის სპეციალისტებს 6 მილიონ 300 ათასი ლარი გადაუხადეს.
2013 წელს დაიხარჯა 7 მილიონ ნახევარზე მეტი, 2014 წელს კი, თითქმის, 9 მილიონი, 10 მილიონს გადააჭარბა და 2012 წელთან შედარებით 69 პროცენტით გაიზარდა, PR-ის სპეციალისტების ხელფასები პრემიები და დანამატები 2015 წელს.
რეკორდი 2016-ში საპარლამენტო არჩევნების დროს მოიხსნა, როდესაც ხალხს PR სპეციალისტების შენახვა უკვე 12 მილიონი დაუჯდა.
2017 წელს ეს თანხა 9 მილიონამდე შემცირდა, თუმცა, აქ არ არის 2017 წლის ბოლო ორი თვის მონაცემები და შესაბამისად, ამ წელს დახარჯული თანხა 9 მილიონზე მეტია.
ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ წლიდან წლამდე ხელისუფლება ზრდის იმ ადამიანების რიცხვს, ვინც სხვადასხვა სამთავრობო უწყების PR სამსახურში მუშაობს. თუ 2012 წელს დასაქმებული იყო 423 ადამიანი, 2016 წელს ეს რაოდენობა 690 ათამდე გაიზარდა, 2017-ში კი 643-მდე შემცირდა.
PR-ზე ყველაზე მეტი ფული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახარჯა. მან რეკორდი 2016 წელს დაამყარა. ამ წელს სამინისტრომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს 1 მილიონ 343 ათას, 887 ლარი გადაუხადა.
მეორე ადგილზეა თავდაცვის სამინისტრო, სადაც რეკორდი 2016 წელს მოიხსნა და PR-ის თანამშრომლებს 848 ათას 470 ლარი გადაუხადეს.
მესამე ადგილზეა დავით სერგეენკოს უწყება. ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯამში, 2012-დან 2017 წლამდე თავდაცვის სამინისტროზე ოდნავ ნაკლები დახარჯა, თუმცა, რეკორდი 2016 წელს მოხსნა და 907 ათას 563 ლარი დახარჯა.