"ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ითვალისწინებს თანაგუნდელების აზრს“,- ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა გააკეთა. მისი შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებში ყოფილი პრემიერი უნდა ჩაერთოს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თუ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და თეა წულუკიანს პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენს, ისინი მზად არიან, რომ მას მხარი დაუჭირონ.
„ერთადერთი ფუნქცია, რაც პრეზიდენტს აქვს ამ კონსტიტუციით, მთავარი ფუნქცია, არის კრიტიკულ მომენტში, ღმერთმა დაგვიფაროს, მთავარსარდლის ფუნქცია ებარება მას. ჩემი აზრით, იმაზეც უნდა გავთვალოთ, რამდენად შეძლებს ეს ადამიანი ამ მთავარსარდლის მოვალეობის შესრულებას. გუნდმა რაც გადაწყვიტა, თეამ ის ნდობა გაამართლა და თუ გადაწყვეტს, გაამართლებს. ვერ ვიტყვი ამას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მაგიერ. რას გააკეთებს ის, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა და მიმაჩნია, რომ ის, როგორც პარტიის დამფუძნებელი, უნდა ჩაერთოს კონსულტაციებში. თანაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოირჩევა ყოველთვის იმის გათვალისწინებით თუ რას ფიქრობს გუნდი, ყოველთვის ითვალისწინებს თანაგუნდელების აზრს,“- განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
თეა წულუკიანი შესაძლოა, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. „კურიერს“ სანდო წყარო მმართველი პარტიიდან უყვება, რომ იუსტიციის მინისტრის გვარი გუნდის შიგნით აქტიურად განიხილება.