04 მაისი 2024,   01:49
ვრცლად
საკადრო პოლიტიკა საზოგადოებრივ მაუწყებელში - ეკა გიგაურის თქმით, ტელევიზიაში თანამშრომლებს კონკურსის გარეშე იღებენ

თანამშრომლების აყვანა საზოგადოებრივ მაუწყებელში - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის მიხედვით, ტელევიზიაში, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, თანამშრომლებს კონკურსის გარეშე იღებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკა იმის გათვალისწინებით, რომ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დასაქმდა ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომ ზოგიერთი ადამიანი გადავიდა GDS-იდან, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული სარედაქციო პოლიტიკა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია, კი არასამთავრობო ორგანიზაციის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„ნებისმიერ ორგანიზაციაში გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, არის კონკურსი, არის დანიშვნა, არის დაკვირვება, კონკურსითაც შემოგვიყვანია და არ გაუმართლებია და დაგვინიშნავს და გაუმართლებია, პირიქითაც მომხდარა. კანონის დარღვევა ეს არ არის და ყველაფერი ეს არის მიმართული მიზანმიმართულად საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციისთვის,“ - განაცხადა გოგელიამ. 

კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი მენეჯმენტის პირობებში თანამშრომლები კონკურსის გარეშე მასობრივად ინიშნებიან. კვლევის თანახმად, 172 ადამიანიდან მხოლოდ სამია კონკურსის გარეშე დანიშნული, გენერალური დირექტორი და მისი ორი მოადგილე.

საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობა 2017 წლის ზაფხულამდე არ ავალდებულებდა კონკურსების ჩატარებას, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დანიშვნების პროცესი გამჭვირვალე იყოს.

დღის ამბები