08 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
"იცოდეთ, რომ ნებისმიერი გულში მჯიღის ცემა, ემოციური განცხადება იქნება მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული" - ლაშა ჟვანია

"არქიმანდრიტ კირიონის განცხადებაში არის მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების კონსტანტაცია და არავითარი ხელის გაშვერა პრეზიდენტისკენ," - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია, დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას.

ლაშა ჟვანიასთვის საქართველოს პრეზიდენტის დავით გარეჯში ვიზიტის დაკავშირება უდაბნოში განვითარებულ მოვლენებთან მიუღებელია.

მისივე თქმით, ბაქოში აზერბაიჯანის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის განახლების.

„პირველ რიგში, ორივე მხრიდან საჭირო არის კომისიების განახლება და მომზადება და ორივე მხარის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან არის მზაობა. შესაბამისად, ამ პროცესს წინ არაფერი არ უდგას, მთავარი არის პოლიტიკური ნება გაცხადებული არის, თითქმის, ორი თვეა, ორივე ქვეყნის მხრიდან და ეს პროცესი აუცილებლად წავა, დაძრულიც არის. მე როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს კომისიის შემადგენლობაზე მუშაობა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი არჩევანის ეთერში ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა 2012 წელს, თუმცა, დეტალებზე საუბარი და საკითხის ანგაჟირება, აღნიშნული პროცესის წარმართვაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

ლაშა ჟვანია სამოქალაქო აქტივისტების განცხადებას ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლების უმოქმედობიდან გამომდინარე, მზად არიან, დავით გარეჯის უდაბნოში ჩავიდნენ და ფიზიკურად დაიცვან საზღვარი. სამოქალაქო აქტივისტების ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის მიუღებელია.

„ეს არასწორი ქმედება იქნება და სწორედ ასეთი ქმედებები იქნება მაპროვოცირებელი იმისთვის, რომ ეს საკითხი, რომელიც დღეს შეთანხმებულია ორ ქვეყანას შორის, კიდევ ერთხელ გადაიდოს და გაიწელოს... ნებისმიერი გულში მჯიღის ცემა, ემოციური განცხადება, იცოდეთ, რომ იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული,“ - განაცხადა ჟვანია.

ლაშა ჟვანია ამბობს, რომ დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობის გაზრდის და სიტუაციის გარკვეულწილად დაძაბვის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრემიერ-მინისტრის აპარატთან და შს სამინისტროსთან კოორდინაცია.

დავით გარეჯის უდაბნოში ვითარება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა. დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.

აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ისევ საფრთხე ემუქრება. ამ დროისთვის ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების უპრეცენდენტო რაოდენობა არის განლაგებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები