08 მაისი 2024,   15:14
ვრცლად
"იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა იგეგმება" - ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს 

თბილისის იერსახის დამახინჯების მორიგი ფაქტი - სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს მიხედვით, იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მორიგი უკანონო მშენებლობა იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ამ ადგილზე სავარაუდოდ ღამის კლუბის, ან იახტკლუბის განთავსება მოხდება.

დავით ნარმანიას მერობის დროს, მერიამ ორ კომპანიას ვერეს ხეობაში, დატბორვის ადგილზე მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება მისცა. მოქმედმა მერმა კი, სტიქიის ზონაში  მშენებლობა დაუშვებლად ცნო და მიწის ნაკვეთის მფლობელებს ადგილმონაცვლეობა შესთავაზა. ერთს უნივერსიტეტის ქუჩაზე და მეორეს სწორედ იუსტიციის სახლის ეზოში.

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კორუფციულ სქემებზე საუბრობს. ნადირაძე ხელისუფლებას მაფიოზურ მთავრობად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

„ თბილისის მერიამ და „ქართულმა ოცნებამ“ თავად გაყიდეს ვერეს ხეობაში ეს მიწები, თავად გააკეთეს სპეციალური ზონალური შეთანხმებები და მერე თქვეს, რომ „უი, ბატონო, აქ დატბორვის ზონაა, მშენებლობა არ შეიძლებაო და ახლა უნდა გავუცვალოთ უკეთეს მიწებშიო“. აი, ეს არის კლასიკური, კორუფციული სქემა, რომელიც დამუშავებული აქვთ  კახი კალაძის და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ამ ქალაქს პატრონი არ ჰყავს, უფრო სწორად ჰყავს, მაფიოზი პატრონები, რომლებიც არად დაუდებენ თბილისელების ინტერესებს, დედაქალაქის იერსახის დამახინჯებას,“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

დღის ამბები