01 მაისი 2024,   09:07
ვრცლად
კორონავირუსი - საქართველო გლობალური საფრთხის წინაშე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის ის მაღალი ნიშნული, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ ჩინეთში იყო გამოცხადებული, უკვე მთელ მსოფლიოზე გაავრცელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მთელმა მსოფლიომ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს. რეკომენდაციები ეხება ყველა სახელმწიფოს, რადგან ვირუსმა შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში შეაღწიოს, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, საქართველოც, სადაც ჯერჯერობით არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ დადასტურდა. 

ჩინელი ბავშვები, რომლებთან დაკავშირებითაც კორონავირუსზე ეჭვი არსებობდა, ინფექციურ საავადმყოფოს და შემდეგ უკვე საქართველოს ხვალ დატოვებენ. მათ ე.წ. ჩინური ვირუსი არ დაუდასტურდათ და კლინიკაში H1N1- ე.წ. ღორის გრიპის მკურნალობის კურსი გაიარეს.

ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში რჩებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ჩინეთიდან ტრანზიტული რეისებით ჩამოფრინდნენ და აეროპორტში შემოწმებისას ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდათ. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდა და გამორიცხვის მეთოდით კორონავირუსის არსებობა არ დადასტურდა. ანალიზები ჯანდაცვის უწყებამ კონკრეტულად კორონავირუსის გავრცელებულ შტამზე გამოსაკვლევად გერმანიაში გადააგზავნა.

მომავალი კვირიდან საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში - ჩინეთში გავრცელებული ვირუსის შტამის გამოკვლევა შესაძლებელი იქნება. მსგავსი კვლევა ევროპის მხოლოდ 3 ქვეყანაში ტარდება. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში უკვე ერთი კვირაა, აეროპორტებსა და გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა სკრინინგი მიმდინარეობს. განსაკუთრებულად მოწმდებიან ჩინეთიდან ტრანზიტული რეისებით შემომსვლელი მგზავრები.

ე.წ. ჩინური ვირუსი კორონავირუსის ატიპიურად მიმდინარე პათოგენია. მას ახასიათებს მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება და პნევმონია. მედიკოსებმა უკვე დაადგინეს, რომ ცხოველებიდან გავრცელებული ვირუსი ადამიანიდან ადამიანზეც გადადის. მედიკოსების მტკიცებით, დაავადება ნაადრევ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში მარტივად მართვადია. რისკჯგუფს მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები წარმოადგენენ.

დღის ამბები