08 მაისი 2024,   12:48
ვრცლად
"ჯერ ჰაერში ისროლა, შემდეგ კი სამჯერ ფეხებში" - თბილისში მომხდარი მკვლელობის მოტივი სადავო ღობე გახდა

შსს-მ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცავებმა დანაშაულიდან სულ რამდენიმე საათში დააკავეს 1953 წელს დაბადებული პირი, რომელმაც სავარაუდოდ 32 წლის ინდოეთის მოქალაქე სოლომონ დოდაშვილის 17 ნომერში მოკლა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, როგორც "კურიერთან" საუბარში მოკლულის სიმამრმა განაცხადა, საყოფაცხოვრებო ნიადაგს უკავშირდება. კერძოდ კი, მეზობლებს ჰყოფდათ ღობე, რომელიც სადავო გახდა.

როგორც ინდოეთის მოქალაქე "კურიერთან" საუბარში აცხადებს, დავა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სწორედ ამ ღობესთან დაკავშირებით, იმ პერიოდიდან, რა დროსაც ისინი თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდნენ.

როგორც მოკლულის სიმამრი აცხადებს, მათ მერიას და სამართალდამცავებს არაერთხელ მიმართეს. ასევე მათ აქვთ ყველანაირი საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს მათი კუთვნილი მიწაა და როგორც ქალაქ თბილისის მერიის, ასევე საჯარო რეესტრის თანამშრომლების მიერ არის დამოწმებული. მოკლულის სიმამრის თქმით, როდესაც მან მამაკაცი დაინახა, ეგონა, რომ ხელში სათამაშო იარაღი ეჭირა.

"მან ჩვენი ღობე დაამტვრია, რომელიც გუშინ შევაკეთე. დილით, როცა მოვედი, იგივეს გაკეთებას ცდილობდა. შემდეგ გავიდა, იარაღი მოიტანა, ჯერ ჰაერში ისროლა, შემდეგ კი სამჯერ ფეხებში ესროლა. მე პაკისტანიდან ვარ. ვთხოვ მერიას ჩვენი პრობლემა გადაჭრას.

ისინი მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ ეს მათი მიწაა და ტერიტორია უნდა დავტოვოთ," - აცხადებს მოკლულის სიმამრი.

სოლომონ დოდაშვილის 17 ნომერში ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რაც შეეხება ცხედარს, ის უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები