07 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
საქართველოში ქალების 35%, ხოლო კაცების 52% ფიქრობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ოჯახის საქმეა - გაეროს საგანგაშო კვლევა

საქართველოში პარტნიორის მხრიდან ემოციური ძალადობა ყოველ მეხუთე ქალს განუცდია.

ქალების 5% კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

5%-ის შემთხვევაში ძალადობის ინციდენტს ბავშვიც შესწრებია. მონაცემები გაეროს მიერ ჩატარებული კვლევიდანაა, სადაც ქალებს ჰკითხეს, განუცდიათ თუ არა ძალადობის სხვადასხვა ფორმა, ხოლო კაცები მათი მხრიდან ამგვარი დარღვევების შესახებ გამოჰკითხეს.

პასუხებზე დაყრდნობით, ფონდში იმ ცვლილებებზე საუბრობენ, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ძალადობის აღქმის მიმართ საზოგადოებაში მოხდა.

ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობა კაცებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ქალებისთვის. კვლევის მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ საქართველოში დაახლოებით, სამიდან ორი ქალი, ძალადობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს.

ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მონაცემს პატიარქალური წარმოდგენებით ხსნიან, რასაც საქართველოში გოგონებს პატარა ასაკიდან ასწავლიან.

რა მითები და ცრუ წარმოდგენები არსებობს მოსახლეობაში გაუპატიურებასთან დაკავშირებით. გამოკითხული კაცების ნახევარი და ქალების 30% მიიჩნევს, რომ გაუპატიურებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ქალი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს. შესაბამისად, სექსუალური ძალადობის ფარგლებში არ მოიაზრებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა შიში შანტაჟი და სხვა სახის იძულება.

კვლევის ავტორთა შეფასებით, ინტიმური პარტნიორის მიერ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინებები საქართველოში იშვიათია. გამოკითხული კაცების ნახევარი, 52 პროცენტი და ქალების 35 პროცენტი ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა პირადი საქმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, სტერეოტიპების გამო პრობლემა მაინც რჩება.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის ივლის-ოქტომბერში ჩატარდა და ჯამში 2 408 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევისას გამოკითხული რესპონდენტების ინტერვიუსას, მკვლევარებმა გამოიკვლიეს ეკონომიკური, ემოციური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები და მათი აღქმა საზოგადოებაში.

დღის ამბები