07 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის - მმართველი გუნდის და ოპოზიციის რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება

ვიშეგრადის ოთხეულის გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოყვა თბილისში. რა უნდა იყოს ოფიციალური თბილისის მოთხოვნები ევროკავშირის მიმართ - ან საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით განცხადების გაკეთებამდე ქვეყანა უნდა მოემზადოს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სვლას აგრძელებს.

„განაცხადი მაშინ უნდა გავაკეთოთ, როდესაც ქვეყანა ამისთვის იქნება მზად, ანუ ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმები იქნება იმ დონეზე მიღწეული, რომ ჩვენ ვიქნებით ევროპულ სტანდარტებზე და ჩვენი გაწევრიანება იქნება უკვე ფორმალობა და არაფერი სხვა. დღესდღეობით, განაცხადის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პროცესში ვიმყოფებით ამ რეფორმების,“ - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ საქართველომ დროულად უნდა მოითხოვოს აქტიურად ევროკავშირში გაწევრიანება და ამის შესახებ დროულად უნდა გააკეთოს განაცხადი.

ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადი უკვე შეტანილი უნდა ქონდეს.

„სამწუხაროდ, ზოგადად საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე, პასიურობას ვხედავთ ჩვენი მთავრობის. თუ ავიღებთ ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ გადადგმულ მტრულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ, პრემიერმინისტრს არცერთ მსოფლიო ლიდერთან არ დაურეკავს იმისთვის, რომ ყურადღება მოეპყრო ჩვენი პრობლემის მიმართ,“ - ამბობს გიორგი კანდელაკი.

განცხადება ევროკავშირის გაწევრიანებისთვის განაცხადის გაკეთების შესახებ გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემაც.

„საქართველომ ყოველთვის უნდა განაცხადოს თამამად, შეიძლება აგრესიულადაც კი, იმის თაობაზე, რომ ის არის ევროპის ნაწილი და იმსახურებს ევროკავშირის და ევროატლანტიკური სამყაროს წევრობას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვიშეგრადის ოთხეული მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

დღის ამბები