07 მაისი 2024,   14:26
ვრცლად
რეპერი გიორგი ქებურია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ჯგუფ ბირჟა მაფიას რეპერი გიორგი ქებურია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

ის წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მუსიკოსი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცველები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და აღიარებით ჩვენებაზე ხელი ძალდატანებით მოაწერინეს. 

გიორგი ქებურიამ ასევე აღნიშნა, რომ ის საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, რეპერ ბერა ივანიშვილს, იცნობს და მას მადლობა გადაუხადა.

ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან რეპერი მიხეილ მგალობლიშვილიც გათავისუფლდა. ის პოლიციამ გიორგი ქებურიასთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, თუმცა რეპერები აცხადებენ, რომ ისინი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ გავრცელებული კლიპის გამო დააკავეს.

გიორგი ქებურიას განცხადებით, კომპანიას, რომელმაც კლიპის გადაღება დააფინანსა, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობის დაფარვა მოსთხოვეს.

მუსიკოსის თქმით, მას დაკავების დროს ნარკოტიკული საშუალება არც უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ ოქმის მიხედვით, რეპერები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის გამო დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები