22 დეკემბერი 2024,   10:04
ვრცლად
40 დღე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან - ქართველ სამხედროს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 40 დღე გავიდა. დღეს მას 35 წელი შეუსრულდებოდა. ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველი სამხედროს ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ.

გმირულად დაღუპული ჯარისკაცისათვის პატივის მისაგებად სასაფლაოზე მივიდნენ ასევე მთავრობის წარმომადგენლები. მათი თქმით, ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედებულია სიმართლის დასადგენად, პარალელურად, გამოძიებას ატარებენ ქართველი სამართალდამცავებიც, რათა დადგინდეს სიმართლე და გამოვლინდნენ დამნაშავეები.

„დღეს მისი 35-ე დაბადების დღეც არის და ოჯახს ამხელა ტრაგედიითა და ტკივილით უწევს ამ თარიღთან შეხვედრა, პირველ რიში, მინდა გითხრათ, რომ როგორც ადრე განვაცხადე. გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენი ინტერესი და ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წევრის,  ჩვენი პარტნიორების, დარწმუნებული ვარ, გახლავთ ის, რომ ეს გამოძიება მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდეს, იმისათვის რომ დადგინდეს ზუსტი გარემოებები და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, ვინც ეს ჩაიდინა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

განცხადება გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროს სიკვდილმა რუსული ოკუპაციის სახე მთელ მსოფლიოს დაანახა.

„არჩილ ტატუნაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს სამსახურში გაატარა და რომელმაც თავისი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა. მეორეს მხრივ, მისმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ოკუპაციისა და ოკუპანტის არა ადამიანური სახე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები