22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ქრისტე აღდგა - ამ შეძახილით მიულოცეს მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილებმა ერთმანეთს წმინდა ცეცხლის გადმოსვლა

ქრისტე აღდგა! - ამ შეძახილით მიულოცეს მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილებმა ერთმანეთს წმინდა ცეცხლის გადმოსვლა.

იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ის კუვუკლიიდან წელს თბილისის დროით, 3 საათსა და 16 წუთზე გამოიტანა.

ცეცხლის გადმოსვლას იერუსალიმში მთელი მსოფლიოდან ჩასული ათასობით მორწმუნე ელოდა.

პილიგრიმები იერუსალიმის ძველ ქალაქში ჯერ კიდევ მაცხოვრის აღდგომის ტაძრის გახსნამდე შეიკრიბნენ. მოგვიანებით იქ ადგილობრივი მუსლიმიც მივიდა, რომლის ოჯახშიც, კონფესიების მეტოქეობის გამო, სალოცავის გასაღები ინახება. ტაძარში შესვლამდე მორწმუნეებმა, უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური შემოწმება გაიარეს.

მას შემდეგ, რაც მაცხოვრის ტაძარი და ეზო მთლიანად მორწმუნეებით გაივსო, ეკლესიაში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებთან ერთად გამოჩნდა. მათ უფლის საფლავზე აშენებულ სამლოცველოს შემოუარეს. მსვლელობა კუვუკლიის შესასვლელთან შეჩერდა, რომელიც მანამდე საგანგებოდ იყო დალუქული. თეოფილე მესამემ აქ მღვდელმთავრის სამოსი გაიხადა, სასულიერო პირების მიერ შემოწმების შემდეგ კი საფლავზე, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სიმბოლოდ, 33 სანთლის შეკვრით შევიდა.

მაცხოვრის საფლავიდან გამოსულმა პატრიარქმა წმინდა ცეცხლი მრევლში სწრაფად გაავრცელა.

წმინდა ცეცხლს დღეს ღამით აღდგომის ლიტურგიისთვის ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში გაავრცელებენ. პირველი კი ის, ტრადიციულად, მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩაიტანეს.

წმინდა ცეცხლს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივები და ტურისტები საზეიმო მსვლელობით დახვდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები