06 ოქტომბერი 2024,   07:28
ვრცლად
ვნების კვირის ბოლო დღეები ბოლნისის მონასტერში - სოხუმიდან დევნილი დედების ცხოვრება და მზადება აღდგომისთვის

ვნების კვირის ბოლო დღეები მონასტერში - სოხუმიდან დევნილი დედების ცხოვრება და მზადება აღდგომისთვის. ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი, ბოლნისის მონასტერში მაცხოვრის დატირების საგალობელს მონაზვნები ასრულებენ.

სამონასტრო ტიპიკონი რთულია, თუმცა ქრისტეს ანგელოზები ამბობენ, რომ ეს მათი სულის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

დილის 6 საათი, მონასტერში ლოცვის ჟამი დგება. დედათა მონასტრის უწყვეტი ლოცვა ტაძრის შემდეგ უკვე მონაზვნების კელიაში გრძელდება. მონაზვნური ცხოვრების მთავარი იდუმალება სწორედ აქ, ხის კელიებში იწყება. წლების წინ ისინი სოხუმიდან წამოვიდნენ და მაშინ არც უფიქრიათ, რომ მათი ცხოვრების გზა მონასტერში გაგრძელდებოდა.

მონასტერში დედებს თითქმის არ სძინავთ, დიდი ხუთშაბათის მსახურებისთვის ყველაფერი უნდა მოასწრონ. სააღდგომო ტრადიციის მიხედვით, მონასტერში ახლა პასკების ცხობა იწყება.

ვნების კვირის მეოთხე დღეს ვნების 12 სახარება იკითხება. ამ დღეს მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ტაძრის შუაგულში ჯვარცმა გამოაქვთ, ნიშნად დიდი ტკივილის მოახლოვებისა.

ვნების სახარების პირველ თავს დედათა მონასტერში ბოლნისელი მღვდელმთავარი კითხულობს, სამგლოვიარო დღეების შესაბამისად შავ სამოსელში შემოსული მეუფე ეფრემი დიდი ხუთშაბათის მსახურების მთავარი მონაწილეა.

წითელ პარასკევს ბოლნისის სიონის დედათა მონასტერი ყველაზე მდუმარეა. ერთადერთი საქმე, რომელსაც მონაზვნები აკეთებენ, კვერცხების შეღებვაა. წითლად შეღებილ კვერცხს მწვანე ჯეჯილში ალაგებენ და ტაძარს დიდი დღესასწაულისთვის ამზადებენ.

ვნების პარასკევის მსახურება ტაძარში 2 საათზე იწყება, ჯვრიდან გარდამოხსნის ხატს ტაძრის შუაგულში დაასვენებენ და იწყება ღვთისმშობლის ყველაზე ტრაგიკული გალობა.

ბოლნისის სიონის მდუმარება ვნების კვირის პარასკევს ბოლნისელმა ეპისკოპოსმა დაარღვია -  მეუფე ეფრემმა წითელ პარასკევს აღდგომამდე ბოლოჯერ იქადაგა.

წინ დიდი დღესასწაულია, დედათა მონასტერი ახლა საზეიმოდ უნდა მოამზადონ. მგლოვიარე კვირას აღდგომის დიდი სიხარული შეცვლის. დღე, როდესაც ზეცასა და მიწას შორის ზღვარი სამუდამოდ გაქრა. 

დღის ამბები