22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალი გენერალური დირექტორს, ვერნერ ლიპახის შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა, რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული წარმატებები და საქართველოსადმი აზიის განვითარების ბანკის მტკიცე მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. 

მთავრობის მეთაურმა ADB-ის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ასევე - საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვერნერ ლიპახს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თავის მხრივ, ვერნერ ლიპახმა ხაზი გაუსვა ADB-ის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან და დაადასტურა ADB-ის მისწრაფება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მომავალშიც.

მისივე თქმით, საქართველო წარმოადგენს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს დერეფანს და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანაში განსაკუთრებული წარმატებით ხორციელდება.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეშეთი - კობის პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც აგრეთვე ADB-ის მხარდაჭერით განხორციელდება.

დღის ამბები