22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
გურიაში მამაკაცი სახლის შეწამვლის დროს გარდაიცვალა - მიზეზად ოჯახი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარს ასახელებს 

ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატი შესაძლოა ადამიანისთვისაც სახიფათო იყოს. სოფელ შემოქმედში დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. მამაკაცი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც სპეციალური ხსნარით საკუთარ სახლს ამუშავებდა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ პრეპარატი, რომლითაც მამაკაცი სახლს ამუშავებდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში გასული წლის შემოდგომაზე დაარიგა.

„შარშან დარიგდა ეგ წამალი. მთავრობამ დაარიგა. მე არ შემიწამლია, მაგრამ ვინც შეწამლა კი მოკვდა ის,“-ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ექიმების ამბობენ, რომ ამ დროისთვის გარდაცვალების დაზუსტებულ მიზეზზე ვერ ისაუბრებენ თუმცა მედიკოსები ვარაუდობენ , რომ პაციენტი ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.

„წნევა -პულსი არ ისინჯებოდა. გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და მართვით სუნთქვაზე გადაყვანისთანავე დაფიქსირდა გულის  გაჩერება. სახლის სხვენში მწერი რომ არის ფაროსანა იმის საწინააღმდეგო ფხვნილიდან გაკეთებულ  ხსნარს ხმარობდა,“-განაცხადა ტოქსიკოლოგმა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი ამბობენ, რომ პრეპარატი რომლითაც მამაკაცმა სახლი დაამუშავა მათ მიერ გაცემული არ იყო. უწყებაში ამბობენ, რომ პრეპარატს აქვს თავისი გამოყენების წესებიც , რომლის შესახებაც მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია და სწორედ გამოყენების შემთხვევაში ის ტოქსიკური არ არის.

„ჩვენი პრეპარატების გამოყენება იწვევს მსუბუქ ინტოქსიკაციას და არა ლეტალურ შემთხვევას. ასეთი შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა არსად, რომ პესტიციდების გამოყენებით ადმიანი გარდაცვლილიყოს თუ არ იქნა კონცენტრირებული პრეპარატი მიღებული დალევის  გზით,“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები