ირანი ბირთვული პროგრამის განახლების პირობას დებს. ამ ნაბიჯზე თეირანი იმ შემთხვევაში წავა, თუ შეერთებული შტატები 6 მხრივი მოლაპარაკების შედეგად გაფორმებული ისტორიული შეთანხმებიდან გავა. განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში გააკეთა.
2015 წელს გაფორმებული შეთანხმება ანუ ე.წ. ყოვლის მომცველი სამოქმედო გეგმა თეირანს ბირთვული პროგრამის შეჩერებას და ურანის გამდიდრების 4 პროცენტამდე დაყვანას ავალდებულებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას ურანის გამდიდრების მონაცემის 20 პროცენტამდე გაზრდა 4-დღიან ვადაში შეუძლია.
მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, თეირანმა საპასუხო ზომებზე მუშაობა დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ დაიწყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი 2015 წლის შეთანხმების გადახედვას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმების დატოვებით იმუქრება.