22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ „რუსთავი 2,“ - ოპოზიცია ტელეკომპანიის დასაცავად სტრასბურგს წერილით მიმართავს

ქართული ოპოზიციური პარტიების წერილს, რომლითაც მათ ევროპულ სასამართლოს მიმართეს, ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა. წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს დროებითი ღონისძიების შენარჩუნება აუცილებელია, ხელს 12 ოპოზიციური პარტიის ლიდერი აწერს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ პროცესების უკან, რომელიც „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარეობდა, ბიძინა ივანიშვილი იდგა.

„იმ მასალებით, რომელიც ხელისუფლებამ წარადგინა სტრასბურგში, მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ ყველაფრის უკან არის  მხოლოდ და მხოლოდ ერთი სურვილი, რომ ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2." ბუნებრივია, საქართველოში დღეს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ „რუსთავი 2,“ - ამბობს ზაზა ბიბილაშვილი.

„რუსთავი 2“ - თან და წერილთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმაც.

„მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ ძალაში დატოვოს ის დროებითი შემაკავებელი ზომა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდეს საშუალება იმუშაოს ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

წერილს ხელს აწერს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიაც. მისი განცხადებით, „რუსთავი 2“ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღსრულების თემა, რაც შეჩერებულ იქნა, ისევ უნდა გაგრძელდეს. იმიტომ, რომ ხელისუფლება ცალსახად გამოვლინდა როგორც მხარე „რუსთავი 2“-თან. მეორე, ჩვენ ამ განცხადებით ვაცნობებთ იმას, რომ მოდის უახლოესი არჩევნები, ეს არის პრეზიდენტის არჩევნები, შემდგომ არის საპარლამენტო არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია "რუსთავი 2"-ის როლი ამ არჩევნებში,“ - აცხადებს პაატა დავითაია.

"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ საზოგადოებამ „რუსთავი 2“ უნდა დაიცვას.

„პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის აქტივობა ბევრად უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია კი აცხადებს, რომ დღეს, კრიტიკული მედიის არსებობა სახელმწიფოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

12-მა პოლიტიკურმა პარტიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წერილი უკვე გადაუგზავნა.  

 

 

 

 

დღის ამბები