22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
სოფელ იყალთოში მცხოვრებ ჯავახიშვილების 5-სულიან ოჯახს სოციალური დახმარება  დიდი სახლის გამო შეუწყვიტეს 

სოფელ იყალთოში მცხოვრებ ჯავახიშვილების 5-სულიან ოჯახს სოციალური დახმარება ნოემბერში დიდი სახლის გამო შეუწყვიტეს, თუმცა, სოციალურ აგენტს არ შეუნიშნავს, ის გარემოება, რომ სახლს არ აქვს ფანჯრები, სახურავი და იატაკი. როგორც ოჯახის დიასახლისი, ზაირა ხუბულოვი ამბობს, ნალექიანი ამინდის დროს სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ, ამიტომ ზედა სართულს საცხოვრებლად ვერ იყენებენ.

ოჯახის ძირითადი შემოსავალი პენსიაა, რომელსაც ზაირა ხუბულოვი და მისი მეუღლე იღებენ. გივი ჯავახიშვილი თირკმელების ონკოლოგიური დაავადება აქვს და ლოგინსაა მიჯაჭვული. ამბობს, რომ პენსია მედიკამენტების საყიდლადაც არ ჰყოფნის. ერთადერთი დახმარება რასაც, ჯავახიშვილები სახელმწიფოსგან იღებენ, მცირეწლოვანი შვილიშვილისთვის დანიშნული 10-ლარიანი შემწეობაა.

მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახს უკიდურესად უჭირს. ვერ თბებიან ზამთარში და ხშირად არც საკვები აქვთ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ 220 კვადრატულ მეტრიანი საცხოვრებელის გარდა, ოჯახის ორ წევრს სეზონური სამუშაოებიდან მიღებული კერძო შემოსავალი დაუფიქსირდა, რაც შემწეობის შეწყვეტის მიზეზი გახდა.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები